საირმის უდაბნო ალპანასა და ჭრებალოს შუა ადგილზე იმყოფება და ექვსი კილომეტრი მანძილი უჭირავს. რაჭაში მომავალი მგზავრი აქ ისე არ გაივლის, რომ მის ულამაზეს კლდეებს თვალი არ მიაპყროს. ეს ადგილი ადამიანის გულს წარუშლელი შთაბეჭდილებით ავსებს. საირმის უდაბნოს უღელტეხილიდან, სადაც გზატკეცილი ძნელ აღმართსა და დაღმართში საოცრად დაკეცილია, აღმოსავლეთითაც მომხიბლელი სურათი მოჩანს-წარმტაცია ქვემო რაჭის ხედი. უდაბნოს ჩრდილოეთით, მთებს შორის გაშენებულია სოფელი საირმე, სადაც ორასი კომლი ცხოვრობს.წინათ აქ ყოფილა ქალაქი, რომელიც უხსოვარ დროს ჩაქცეულა ორასი მეტრის სიღრმეზე. შუაში მთად აღმართულია დაუნგრეველი ნაქალაქარი, მას ორი კილომეტრი სიგრძე აქვს. ირგვლივ ქალაქი ჩაწყვეტილია თვალუწვდენელი კლდოვანი სვეტები. იქვე სახნავი მიწებია, რომლებსაც ,,კლდეშუასა” და ,,ლებენას” უწოდებენ. ჩრდილოეთით უდაბნოს არმოდიის ქედი დაჰყურებს. ამ ქედის კალთაზე ნობიდან წყალი გადმოდის. მას ,,ქალაქის კოდი” ჰქვია. ერთგან კლდის ნაპრალიდან, ამოდის კვამლი, რაც განსაკუთრებით ზამთარშია შესამჩნევი. კლდეშუაში ტეხენ ,,ბაღდადის ქვას” ეს ქვა თეთრია, ადვილად თლიან და საუკეთესო საშენი მასალაა. უდაბნოში, მაღალ მთაზე, ორი საუკუნის წინ მონასტერი დაარსეს. მშენებლობა დაიწყეს სამეგრელოს მთავარმა ოტია დადიანმა და მისმა მეუღლემ გულქანმა და დაამთავრა მათმა შვილმა კაცია მეორემ. ეკლესია ბაღდადის ქვისაგან ააგეს და ხის სახლები დადგეს, სადაც ბერები ცხოვრობდნენ. გარშემო ტყე და ხილის ბაღი იყო. მონასტრის ადგილებს ამუსავებდნენ საირმის, ლაბეჭინისა და ჭყვიშის გლეხები. სამოცდაათი წლის წინათ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეკლესიის ეზო შუაზე გაირღვა. რადგან საირმის უდაბნო სანდო საცხოვრებელი ადგილი არ აღმოჩნდა, ამის გამო იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ეს მონასტერი გაუქმა. მისი ქონება გადაიტანეს მარტვილში.
სარეწკელას გამოქვბული სარეწკელა ცხენიწყლის ვიწრო კლდეკარია. მისი ტერიტორია ზუბს, ლარჩვალსა და აღვს ეკუთვნის. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც აქ გზატკეცილი გაიყვანეს. ამ ხევში ერთადერთი გამოქვაბულია. მასში ახლაც ვერავინ შედის. სიმაღლე და სიღრმე ოთხ-ოთხი მეტრი ექნება. შუაში ვიღაცას, განზე ოთხმეტრიანი გათლილი ურთხელა გაუდგამს. წინათ სარეწკელაში გავლა საშიში იყო. მგზავრი კლდებილიკზე ცხენს აღვირით წინ მიუძღოდა. ფრთხილად მიდიოდა, თუ ცხენი უფსკრულში გადავარდებოდა, თვითონაც არ გადაჰყოლოდა და არ დაღუპულიყო. სარეწკელას ორპირი კლდის გატეხასა და გზის გაყვანას ასი წინათ მეთაურობდა ერთი გზის ოსტატი მოსე ბერეკაშვილი. ეს გზა მეტად ცაგერის, ზუბისა და ოყურეშის საზოგადოებას ესაჭიროებოდა. ბერიკაშვილის რჩევა სოფლებმა მოიწონეს და ყოველდღიურად ოთხას-ხუთას გზავნიდნენ სამუშაოზე. კლდის შუაგულში დაინახეს გამოქვაბული და ადამიანის ხელით ატანილი ხე. ხალხი ალაპარაკდა: ვინც იქ შევიდა და ის დორე გადვა, ვაჟკაცი ის ყოფილა. ახლა ვინ იქნება ისეთი გმირი, რომ იქ ასვლა გაბედოს და შენახული განძი იპოვოსო?! გამოვიდა ზუბელი გლეხი ჩაკვეტაძე და თქვა: კაცი აღარ ვიქნები, თუ იქ ვერ შევედიო. გაიძრო ჩოხა და ქალამანი, დაიჭირა კაკუჭიანი ჯოხი და გასწია. კლდის ნაპირსა და ბზისბუჩქებს ტანჯვა წვალებით ეკვროდა მაღლა. მალე ქვაბულში ავიდა. შიგ მხოლოდ დამპალი თოკი ნახა, მერე კლდეს უვნებლად ჩამოჰყვა. იესიკას გამბედაობამ ყველა გააკვირვა.(მ. ალავიძე. ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა. თბ.1951წ) |