პარასკევი
19.04.2024
01:49
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » მაისი » 9 » ლადო ასათიანი - ბიოგრაფია და შემოქმედება
01:11
ლადო ასათიანი - ბიოგრაფია და შემოქმედება

   დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა") გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში".
 
   ლეჩხუმში არის პატარა სოფელი, ბარდნალა. იგი ცაგერიდან ერთი გარბენის მანძილითაა მოშორებული. აქ, ფერდობზე, დღესაც დგას ხის იმერული ოდა-სახლი. ეზოში კი ხეხილის ხეები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან. ჭიშკრის გაღებისთანავე ხასხასა მწვანე მოლი შემოგანათებს თვალებში. ახლა აქ დიდი პოეტის პატარა მუზეუმია მოთავსებული. იშვიათად იღება მისი კარები, თუმცა, ადრე სოფლის მასწავლებლის, მელიქსედეკ ასათიანის, ოჯახში დღენიადაგ ხმაური ისმოდა, - სიცოცხლე დუღდა და ოჯახს ორი ვაჟისა და ქალიშვილის ჟრიამული ატკბობდა.
 
   ბედმა ლადო (ვლადიმერ) ასათიანს დაბადება იმერეთის "დედაქალაქში”, ქუთაისში, არგუნა. ეს მოხდა 1917 წლის 14 იანვარს, ახალი წლის დღეს. ყრმას მალე დაატოვებინეს ის ადგილი, სადაც პირველად დაიწრა მისი აკვანი და მშობლიურ ბარდნალას გაუყენეს. ყმაწვილკაცობაც იქ გაატარა. მერე კი "სავარდო და სამაისო” ქუთაისს უკვე დავაჟკაცებული დაუბრუნდა და ხანმოკლე ცხოვრების ლამაზი ნაწილიც სწორედ მისი სანახებისა და ისტორიული ძეგლების ალერსში გაატარა. წერა-კითხვა მშობლებმა ასწავლეს. შემდეგ ბარდნალის საშუალო სკოლა დაასრულა. ერთხანს ფიქრობდა, სოფლის მეურნეობისათვის მოეკიდა ხელი - ცაგერს ეწვია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და უმაღლესი განათლების მიღების სურვილმა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიყვანა - საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
 
   მეამბოხე სულის პატრონს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირდა. იგი ტკივილამდე განიცდიდა ბუნების სილამაზეს. აკი მთელი ქუთაისი და მისი შემოგარენი ერთი ამოსუნთქვით შემოირბინა: გელათი, გეგუთი, წყალტუბო, სათაფლია, რიონჰესი, ჭომა, საღორიის ტყე... მარტო ეს სახელებიც კმარა იმისათვის, რომ ლადოს ხასიათს ხაზი გაესვას, - მომავალ პოეტს ხომ თავდავიწყებამდე უყვარდა საქართველოს წარსული და მოწიწებით შესცქეროდა მომავალს. ლადო ასათიანს ბედმა გაუღიმა, - ინსტიტუტში სწავლისას ბედნიერება ჰქონდა, მჯდარიყო იმ აუდიტორიაში, სადაც ლექციებს კითხულობდნენ ქართული მეცნიერების კორიფენი: გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, ვარლამ თოფურია, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, მოსე გოგიბერიძე, შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, ნიკო ბერძენიშვილი, აკაკი შანიძე... განსაკუთრებული მოკრძალებით ეკიდებოდა თოფურიას ლექციებს. პოეტი მოგვიანებით ხმამაღლა იტყვის: "ქართული ენა მე შემასწავლა ვარლამ თოფურიამ, ოთხი წლის განმავლობაში ვისმენდი მის ლექციებს და, თუ რაიმე სწორად დამიწერია, ამაში მე თოფურიას უნდა ვუმადლოდე, ვარლამი ყოველთვის გვანათებდა და გვანათლებდა”.
 
   ლადოს სულიერ დახვეწაში ოჯახმა ფრიად დიდი როლი შეასრულა. პოეტის მშობლები პედაგოგები იყვნენ და, ბუნებრივია, საკუთარი შვილის აღზრდაზეც იზრუნებდნენ. სამწუხაროდ, იმ ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია... მომავალი პოეტი კი "ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია,-ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. იგი დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა... აკი დედაზე სევდამ მის პოეზიაშიც დაიდვა ბინა: ...ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები.. პოეტის ლექსებში სევდიანმა სტრიქონებმა გამოჟონა: "სიმებდამქრალ ჭიანურივით ვსტირი ჩუმად”... ,,ჩემს სულშიც ზამტარია..."ჩემს სულშიც ნისლია ახლა...” საბედნიეროდ, კეთილ ადამიანებს რა გამოლებს საქართველოში, - ბოლოს და ბოლოს, გაუგეს ახალგაზრდას, იგი მეოთხე კურსზე აღადგინეს, ამჯერად ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის სალექციო კურსი 1938 წელს დაასრულა და ქუთაისსაც დაემშვიდობა ისე, რომ სახელმწიფო გამოცდები არც კი ჩაუბარებია.
 
   სასწავლებლად ჩასულმა ლადომ ქუთაისში დიდხანს "იწრიალა”. ბოლოს ღუზა რკინიგზის სადგურთან, ძერჟინსკის ქუჩაზე, ჩაუშვა. იმხანად, ლადოს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ეს მის დაქირავებულ ბინასაც ეტყობოდა, - მეგობრები ხუმრობით "ასანთის კოლოფს” ეძახდნენ. ვიწრო, ღარიბულ ოთახში რკინის უბრალო საწოლი იდგა. პატარა მაგიდაზე მოსწავლის "ძაბრიანი” სამელნე იდგა, ეწყო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები. კედლიდან კი ვაჟა-ფშაველასა და ბაირონის სურათები უღიმოდა. სტუდენტობის პირველსავე წლებში დაუახლოვდა ლადო გაზეთ "სტალინელის” რედაქციის თანამშრომლებს და სიკვდილამდე არც გაუწყვეტია მათთან კონტაქტი. "სტალინელშივე” გამოქვეყნდა მისი ერთ-ერთი პირველი ლექსი - "თებერვლის დილა”.
 
ქალაქის გულში აენთება თებერვლის დილა.
თებერვლის დილა, თხუთმეტი წლის ჭაბუკის კბილა.
გარემოს მკერდზე დაებნევა დროშების ტევრი.
დროშების ტევრი ალისფერი დროშების ტევრი.
 
   მართალია, ლექსი შედევრი არ გახლავთ, მაგრამ მასში ნათლად გამოიკვეთა ქართულ ფოლკლორთან სიახლოვე. იგი გამოირჩეოდა სისადავითა და უბრალოებით, უშუალობით. საერთოდ, აქვე უპრიანი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ პოეტის პირველ ლექსებშივე საგრძნობი გახდა ის ფაქტი, რომ ლადო შემოქმედთა იმ რიგში იდგა, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული მეცხრამეტე საუკუნის ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციების გაგრძელება. პირველი ლექსის დაბეჭდვის სიხარული მოსვენებას არ აძლევდა პოეტს. აკი დიდხანს ვერც გაუძლო და ბარდნალაში წერილიც აფრინა: "სალამი დედა! სალამი ჩემი საყვარელი ქვეყნის ჟანგისფერ მთებს და ეგზომ გარინდებულ რომანტიკულ ბუნებას... მართლა "სტალინელში” 15-ის ნომერში ლექსი დავბეჭდე, გიგზავნი ამონაჭერს გაზეთიდან, გაგიხარდება... ეს პირველია და არცაა გასაკვირი, ოთხი სტროფიდან ორი დატოვეს, სასაცილოა... სხვა, ღვინო, ღვინის ნაწარმი და ჩურჩხელათა ლეგიონები მომაწოდეთ დაჩქარებით, ხომ იცი, რამდენი მუშტარი მყავს”... ქუთაისში ცხოვრებისას ლადო "სტალინელის” რედაქციის თანამშრომლებთან ერთად ხშირად შეივლიდა ხოლმე თეთრი ხიდის მახლობლად მდებარე "ცისფერ კაფეში”, სადაც გვიან ღამემდე უსხდნენ მაგიდას და ორიოდე ბოთლ ღვინოს, ტარანსა და პურის ნატეხს ლექსებს "აყოლებდნენ”. რომელიმე წიგნის განხილვისას ხშირად "ხელჩართული ბრძოლა” იმართებოდა. ლიტერატურაში თუ რამ ახალი გამოჩნდებოდა, უეჭველად კაფეში "აკურთხებდნენ”. აქვე უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, საუბრობდნენ თეატრზე, კინოზე... შემდეგ "ცისფერი კაფე” მოგონებად გაჰყვება ლადოს. რამდენიმე წლის შემდეგ ლექსსაც მიუძღვნის მას: იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი, დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი... როდესაც ჯიბეში გროშიც არ ედვა, ლადო ქუთაისის ბაღს მიაშურებდა, ჭადრის ჩეროში გრძელ სკამზე ჩამოჯდებოდა მარტოსული და ფიქრების ტალღას აედევნებოდა. გონებაში სტრიქონი სტრიქონს მისდევდა და... იწერებოდა შედევრები. როგორც მისი ახლო მეგობარი ნიკა აგიაშვილი იგონებდა, სწორედ ჭადრის ჩეროში შეუთხზავს პოეტს ქართული საბჭოთა პოეზიის მარგალიტი - "ჩემი ქვეყნის ოქროყანა”:
 
ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო,
ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,
შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!..
 
   მალე "სტალინის” რედაქციის კარი ლადოსთვის ფართოდ გაიღო, - იგი მისი თანამშრომელი გახდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ლექსები: "ჩემი სამშობლო”, "ილია ჭავჭავაძეს”, "სამი ლექსი ესპანეთზე” და სხვა. 1936 წელს, როგორც კი საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის გაყოფილებასთან დაარსდა ფოლკლორის სექცია, ლადო მისი აქტიური წევრი გახდა, - აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს - ლექსებს, ზღაპრებს, გამოცანებს, მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში, კითხულობდა ლექსებს. 1938 წელს კი სამუდამოდ გამოეთხოვა ქუთაისს და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. რა მისცა პოეტს ქუთაისმა? "ლადო ასათიანმა თავისი ყმაწვილკაცობა ქუთაისში გაატარა და ამ წლებმა წარუშლელად იმოქმედეს მის მსოფლმხედველობაზე, მის მგრძნობიარე პოეტურ ბუნებაზე. იმერეთის რბილმა და მსუბუქმა პოეტურმა ჰავამ თავისებური, სასიმღერო იერი შეჰმატა ლადო ასათიანის პოეზიას. მელოდიებით მდიდარმა "სავარდო და სამაისო” ქალაქმა ყელი სასიმღეროდ მოიღერა და ამრიგად გამოისტუმრა პოეტების დიდ სატახტოში – თბილისში.
 
   იგი იყო მაღალი, გამხდარი. ჰქონდა ფართო, ცისფერი თვალები, ამაყი გამოხედვა. ძალზე დიდი ფეხები, - ძნელად თუ იშოვიდა ფეხსაცმელს – 46 ზომას ატარებდა. დიდი ფეხები სირბილშიაც უშლიდა ხელს, ხშირად წაიფორთხილებდა კიდეც. ამის გამო ალიოშა საჯაიამ "ბებერი ცხენი” შეარქვა. მეგობრის დანათლებული სახელი ლადომ ჟურნალ "ნიანგში” გამოიყენა ფსევდონიმად. თავაღერებული სიარული უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე, თანაც მარტო სიარული იტაცებდა. დადიოდა არათანაბარი ნაბიჯებით, ხშირად ერთბაშად შეჩერდებოდა. ვახტანგ ჭელიძე იგონებს: "დაღვრემილი, გაღიზიანებული, დაღლილი, მაგრამ საოცარი იყო მისი თვალები. ეს არ ყოფილა ახალგაზრდა კაცის მკვირცხლი თვალები. ეს იყო ანთებული თვალები, მაღალი ნიჭიერების, შინაგანი სისპეტაკისა და სინათლის მფრქვეველი თვალები, პატიოსანი კაცის ნათელი თვალები... და როცა თავის საყვარელ თემაზე - სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის ლექსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ამ დიდრონი თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს გაუნათებდა”.
 
   ლადო ასათიანი დღენიადაგ, ზამთარ-ზაფხულ კაშნეთი დადიოდა. მის თავზე ქუდი არავის უნახავს, თავგადადებული ბუკინისტივით იღლიაში მუდამ წიგნების დასტა ჰქონდა ამოჩრილი. ქართველი პოეტებიდან, თბილისში, პირველს, რევაზ მარგიანს გაეცნო. ბინა არ ჰქონდა და ხან ვისთან ათევებდა ღამეს და ხან ვისთან. განსაკუთრებით რუსთაველის პროსპექტს ეტანებოდა - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა, ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა და ფიქრობდა გაუთავებლად. მეგობრებიც აქ აკითხავდნენ. ოცდაათიან წლებში ტრადიციად იყო დამკვიდრებული ქართველი მწერლების გაუთავებელი სეირნობა რუსთაველის პროსპექტზე. განსაკუთრებით საღამოობით გამოეფინებოდნენ ხოლმე ახალგაზრდა მწერლები და საათობით ბაასობდნენ, ბჭობდნენ ჯგუფებად შეკრებილნი. უბის წიგნაკში ჩაუწერია პოეტს: "რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი, თუნდაც ეს მოშრიალე "ჩვენი” ჭადარი რუსთაველზე... გინდა სულ უმზირო და იფიქრო უკვდავებაზე”. და კიდევ: "სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა, თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ ვიხილავ თბილისის ზეცას”. მერედა როგორ უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე გავლა, მეგობრებთან საუბარი:
 
რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა.
იყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო,- ვერ ვნახო სამოთხის მთვარე... მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ,
რუსთაველის პროსოექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
 
   თითქოსდა, წინათგრძნობამ უყელა, - გაივლის კიდევ ორი წელი და ლადო ასათაინი მართლაც ვეღარ გაივლის საყვარელ ქუჩაზე, ვერ ჩაფიქრდება "საკუთარ” ჭადრის ხესთან, ხოლო მისი ელვარე თვალები ვეღარასოდეს იხილავენ თბილისის ზეცას... ამაზე ქვემოთ. ლადო თბილისში გადმოსვლისთანავე გაზეთ "ნორჩი ლენინის” რედაქციას დაუკავშირდა და მალე მისი თანამშრომელიც გახდა. 1938 წლის 30 მაისს კი პირველი ლექსიც დასტამბა "თავის” გაზეთში. "ნორჩი ლენინელის” პარალელურად ლადო ასათიანი თანამშრომლობდა ჟურნალებში - "ჩვენი თაობა” და "მნათობი”, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში”... განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჟურნალ "ჩვენი თაობის” რედაქციასთან. ეს ჟურნალი 1934 წელს გამოვიდა "ახალგაზრდა მწერლის” სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ კი "ჩვენი თაობის” სახელით მოინათლა. ჟურნალს იმხანად ირაკლი აბაშიძე რედაქტორობდა.აქვე მუშაობდა ლადოს ახლო მეგობარი ნიკა აგიაშვილიც. პოეტის რამდენიმე ლექსი "ჩვენითაობის” პირველსავე ნომერში დაიბეჭდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, თითქოსდა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ლადომ პირველი წიგნის გამოცემაზეც დაიწყო ზრუნვა, მაგრამ ვერ მოასწრო. 1939 წლის ოქტომბერში პოეტი სავალდებულო სამხხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი ჩაირიცხა ოსტროგოჟსკის (ვორონეჟის ოლქი) სამხედრო ნაწილში.
 
   პირველ ნოემბერს მეგობრებმა თბილისის ვაგზალში მოიყარეს თავი და გზა დაულოცეს პოეტ-ჯარისკაცს. ლადომ ტკივლამდე განიცადა ახლობლებთან განშორება. იგი თითქმის ყველა დიდი სადგურიდან, სადაც კი მატარებელი შეჩერდებოდა, თბილისში გზავნიდა წერილებსა და ღია ბარათებს. ნაწილში მიმავალი პოეტი გზაში გაცივდა და ავადმყოფობაც გაურთულდა, - დღენიადაგ სიცხე მოსვენებას არ აძლევდა. ლადოს საყვარელი ადრესატი გახლდათ ნიკა აგიაშვილი. წერილებს მისამართიც ერთი ჰქონდა, - თბილისი, მწერალთა კავშირი, " ჩვენი თაობის” რედაქციას. აი, ერთი მათგანიც: "ჩემი საქმე ჯერ არაა გამორკვეული, სად ჩაგვრიცხავენ, არ ვიცი, რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში არ გაგატარებენო, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო. მეც დღე-დღეზე ვუცდი ამ "საქმეს”, ეგებ ცოტა მეშველოს რამე. მირზა უკვე წასული იქნება და შეიძლება ახლა ფინეთის ომში იყოს (ლაპარაკია მირზა გელლოვანზე-მ. ჩ.). ნეტავი იმას! ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში მირჩევნია. იქ ვაჟკაცობას მაინც გამოიჩენს კაცი და დამიფასდება კიდეც. გამომიგზავნე მისამართი, წერილს მივწერ.ფული ჯერჯერობით მაქვს, თუ შემომელია, იცოდეთ, არვის მოგერიდებით. ოსტროგოჟსკი, როგორც ეტყობა, ძველი ქალაქია, მდინარე ტიხაია სოსნას ნაპირას მდებარეობს. ყოველი ფეხის დადგმაზე აქ ეკლესიებია და ძველებური დუქნები. ეს ტიხაია სოსნა ახლა სქელ ყინულქვეშაა ამოფარებული და მართლაც წყნარია. მაგრამ, ალბათ გაზაფხულზეც არ იქნება "შუშპარა და მჩქეფარე”. ქალაქში ბევრია სასმელ-საჭმელი და ხალხიც კარგი უნდა იყოს. ჯერ არ გამიცვნია. მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტა კიდეც მიხდება და ნამდვილ ბუმბერაზს ვგავარ მტერთან ბრძოლაში მარჯვე მეომარი ვიქნები ნამდვილად და არ შევარცხვენ წითელარმიელის სახელს.” სამწუხაროდ, პოეტს ავადმყოფობა მიეძალა და სამხედრო - საგარნიზორო კომისია იძულებული გახდა, წითელიარმიის რიგებიდან დაეთხოვა ლადო ასათიანი.
 
   ლადოს თბილისში დიდი იმედებით შეხვდნენ მეგობრები. აბა იმხანად ვინ იფიქრებდა, თუ სამიოდე წლის შემდეგ ერთბაშად ჩაიფერფლებოდა ნაღვერდალივით მობრიალე ნიჭი პოეტისა. ლადოს სიხარულიც ელოდა: 1940 წელს დღის სინათლე იხილა მისი ლექსების პირველმა წიგნმა. მართალია, იგი მოცულობით მცირე იყო, - სულ 38 ლექსი (წიგნი გააფორმა ლადო ავალიანმა), მაგრამ ამას როდი ჰქონდა მნიშვნელობა, - თავი და თავი მაინც ის იყო, რომ ლექსები ერთად შეკრული დაისტამბა, პირველი წიგნის სახელით მოინათლა და ათასობით პოეზიის ტრფიალს გული გაუხარა. ეს იყო და ეს – 1941 წლიდან ლადოს ავადმყოფობა გაურთულდა. ჭლექს ისე მტკიცედ გაედგა ფესვები პიეტის ფილტვებში, რომ სუნთქვა უჭირდა, ხველა ხომ მოსვენებას არ აძლევდა – ექიმების რჩევით აბასთუმანში წასვლა აუცილებელი გახდა, მაგრამ ვაი, რომ დაგვიანებული აღმოჩნდა...
 
   აბასთუმანში პოეტი სევდას როდი მიეცა, იგი დღენიადაგ პოეზიაზე ფიქრობდა, თითქოსდა ეშურებოდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო, მეტი შედევრი დაეტოვებინა შთამომავლობისათვის, მეტი სათქმელი ეთქვა ხმამაღლა... სწორედ აბასთუმანში დაიწერა არა ერთი გახმაურებული ლექსი. ლექსების რვეულს ლადო მეუღლეს, ანიკო ვაჩნაძეს, უგზავნიდა. ერთ-ერთ წერილში წერდა: "ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ ექვსი ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს ან კარლო კალაძეს "მნათობისათვის”, უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა”. აბასთუმანში შექმნილი ციკლიდან განსაკუთრებით გამოირჩევა "სასაფლაოს” სევდიანი სტრიქონები:
 
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული:
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მიქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?...
 
   აღნიშნულ ლექსთან დაკავშირებით პოეტი აკაკი გაწერელიას სწერდა 1941 წლის 7 აგვისტოს: "დავწერე ლექსი – სახელწოდებით "სასაფლაო”. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბასთუმანში ერთმა შემთხვევამ შემაძლებინა. ვნახე აქაური სასაფლაო. უცნაურია ამ მთაში რამდენიმე საფლავი: გაძარცული გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისაგან მიწის ზედაპირზე, გაფრენილი ოცნებებივით, ამოყრილი თავის ქალები და ყბები... ყველაფერი ეს საშინელება იქნებოდა, რომ ერთი რამ არ იყოს ამ უიმედო სანახაობაში: საფლავებს შორის მოქრის და მოქუხს ნაკადული, მთის ნაკადული, ორწილად ყოფს სასაფლაოს, - მოქრის როგორც უშიშარი სიცოცხლე. მე მგონია, შესანიშნავია, ასეთ რამეებს პოეტები იგონებენ. მე კი ნამდვილად ვნახე”. მართალია, ლექსის სტრიქონებში სევდაა შეპარული, მაგრამ, როგორც სასაფლაოზე მორაკრაკე ნაკადული, ისეთივე ძალითა და სილამაზით იგრძნობა მასში სიცოცხლე. "სასაფლაოში” პოეტმა "ყოფნა-არყოფნის” მძაფრი პრობლემები ამოატივტივა და შეეცადა კიდეც მისთვის ნათელის მოფენას, - აკი ლადო ასათიანის "სასაფლაო” აღიარეს სიცოცხლისა და სიყვარულის ჰიმნად. როდესაც ავდმყოფობა მიეძალა, განერვიულდა.
 
   აბასთუმანი მიატოვა და საყვარელ თბილისში დაბრუნდა, ირჩია მშობლიურ გარემოში, მეუღლისა და ქალიშვილის სამყაროში გაემართა ხელჩართული ომი სიკვდილისათვის. არა, ლადო ეგოისტი არასოდეს ყოფილა, - იგი ჭლექით იყო დაავადებული და დიახაც კარგად უწყოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მას სრულებითაც არ უნდოდა მისი ბედი სხვასაც გაეზიარებინა. აკი ლექსად განაცხადა თავისი სურვილი: როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! ... ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს. სარეცელზე მიჯაჭვულს კალამი ერთი წუთითაც არ გაუგდია ხელიდან. პირიქით, სიკვდილს ომი გამოუცხადა, რადგან იცოდა, ჯერ კიდევ შეეძლო ლექსების წერა, შემდეგ კი, შემდეგ, მისი ლექსები იცოცხლებდნენ და შთამომავლობას სიხარულსაც მოჰგვრიდნენ. პოეტს მიაჩნდა, რომ ლექსი ყოველგვარ წამალზე მარგებელია, რომ იგი არის ტკივილის ის მალამო, რომელიც სიკვდილს ამარცხებს. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს 1940 წელს დაწერილ ლექსში - "ვაჟა-ფშაველას ნაამბობი”. მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი. და რადგან მერგო – ვიყო პოეტი ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა, ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, - მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად! დიახ, პოეტმა შეასრულა დანაპირები, - მან მართლაც გარდაქმნა ლექსად სიკვდილი, მაგრამ თავად კი ვერ დაამარცხა იგი. სიკვდილის წინ ორი რამ ისურვა პოეტმა, - ვაჟა-ფშაველასავით მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამაპაპური სარწყულით. აკი ორიოდე წლის წინათაც წასცდა ლადო ასათიანს ნატვრა სარწყულზე: კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყარო მასხურო, ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო! და მეორეც –
 
   მოხუცი მამის ხილვა არ ასვენებდა, დღენიადაგ სიზმარში ხედავდა მას. სიკვდილი ერთბაშად მოვიდა, ლექსის წერის პროცესში მოუსწრო პოეტს... ჰაერში ხელით რაღაცა მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და "მა...ა”-ს მსგავსი ბგერა აღმოხდა. ვინ უწყის, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა, - "მამას” თუ "მანანას!”... ის იყო ლადოს სხეული სარეცელზე გასწორდა, რომ კიბეზე დინჯად ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა – ოთახში მამა შემოვიდა. დაიგვიანა მოხუცმა, ვაი, რომ დაიგვიანა, ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა. 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლისა, ექვსი თვისა და 26 დღის (მაინც როგორი დამთხვევაა – 26 წელი და 26 დღე!) ასაკში დახუჭა თვალები ლადო ასათიანმა და დაამწუხრა მოკეთე. ქართულმა ლექსმა კი უდროოდ დაკარგა მისი ერთი უბრწყინვალესი პატრონთაგანი. სამწუხაროდ (ალბათ, დიდი სამამულო ომის გამო), დიდი სულის პოეტი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა სულ რაღაც ოდიოდე სტრიქონში ჩაეტია. 23 ივნისს გაზეთ "ლიტერატურულ საწართველოში” გ. ტაბიძის, კ. გამსახურდიას, ს.ჩიქოვანის, ა. ქუთათელის, პ. ინგოროყვას, ლ. ქიაჩელის, გ. ლეონიძის, გ. ქიქოძის, დ.შენგელაიას, ა. საჯაიას, ი. მოსაშვილისა და სხვათა ხელმოწერით გამოქვეყნდა ნეკროლოგი: "23 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პოეტი ლადო ასათიანი. დაიბადა ლეჩხუმში, მასწავლებლის ოჯახში. ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა ქუთაისის პედინსტიტუტში. დაამთავრა 1938 წელს. სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1937 წელს. პირველსავე ლეწსებში გამოამჟღავნა უტყუარი პოეტური ნიჭი. 1940 წელს გამოიცა ლექსების წიგნი, დაწერილი 1940 წლამდე. დაწერა ორი პოემა "კოლხეთი” და "ბასიანის ბრძოლა”. მისი ლექსები გამსჭვალულია მძაფრი პოეტური მღელვარებით, ღრმა ლირიზმითა და უშუალობით. თემა – ქართული ხალხის გმირული წარსული და დღწვანდელობა. ისინი მიმზიდველი პოეტური ფერებითა და ღრმა ემოციურობით ასახავენ ჩვენი ხალხის უკეთილშობილეს ზრუნვას. მისმა ლექსებმა გვიჩვენა, რომ მისი სახით იზრდებოდა უაღრესად თანამედროვე და მაღალი გემოვნების მქონე ქართული სიტყვის ოსტატი. ახასიათებდა მხატვრული მეტყველების დახვეწილობა, მშობლიური ბუნების კოლორიტის შეგრძნება და ინტიმურობა პოეტური თემების დამუშავებაში. ქართულმა პოეზიამ დაკარგა ორიგინალური პოეტი, რომლის შემოქმედებითი ძალა კიდევ არ იყო გამოვლინებული მთლიანად”. ორი დღის შემდეგ "კომუნისტში” გამოქვეყნდა მეუღლისა და შვილის, მწერალთა კავშირისა და მამის, ძმისა და დის სამგლოვიარო განცხადებები. ეს იყო და ეს, - გაზეთებში მეტი არც წერილი დაბეჭდილა დდა არც განცხადება. სამწუხაროდ, ლადო ახლო მეგობრების ერთი ნაწილი (მ. გელოვანი, ნ. აგიაშვილი...)
 
   ინხანად ფრონტზე იმყოფებოდნენ, ხოლო ა. საჯაია სვანეთში გახლდათ და მხოლოდ დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა, - როგორც კი ცხედარს მიეახლა, მუხლი მოიყარა და მოთქმით დაიტირა უდროოდ დაკარგული მეგობარი. მოგვიანებით ალიოშა ფრონტელ მეგობარს მისწერს: "საწყალი ლადო აღარა გვყავს. მე სწორედ დასაფლავების დღეს ჩამოვედი სოფლიდან. საშინლად იმოქმედა ჩემზე. მთელი კვირა ავად ვიყავი. არ მეძინებოდა. მის დაკრძალვას დავესწარი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი მგონია. რუსთაველზე გავლისას, ახლაც, ხშირად მელანდება გზაში... "საბლიტგამი” სცემს ლადოს წიგნს. მე უნდა დავწერო მისი ბიოგრაფია”. ვაგლახ, ვერც ლადო მოესწრო ამ წიგნს და ვერც ალიოშამ შეისრულა საწადელი, თუმცა ერთი რამ მაინც შეძლო, - ლადოს გარდაცვალების წლისთავზე გაზეთ "ლიტერატურა და ხელოვნებაში” დაბეჭდა პატარა წერილი "ლადო ასათიანი”. ამონაწერი ამ წერილიდან: "ხანმოკლე იყო ლადოს როგორც სიცოცხლე, ისე ლიტერატურული მოღვაწეობაც. ლადოს ლექსები გვაცნობს მის სულიერ სამყაროს, ბოლო დროს დაწერილი ლექსები კი გვიძლიერებს გულისტკენას ნიჭიერი პოეტის დაკარგვაზე, რომელსაც ბევრი სათქმელი დარჩა. ლადო სამწერლო ასპარეზზე ისე გამოვიდა, რომ არ დაუწყია ფორმალური ძიება, არც ვისიმეს გავლენის ქვეშ მოქცეულა. მის ლექსებს ახასიათებთ მუსიკალობა, პლასტიკა, ნათელი ფრაზები: ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა... ლადო მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს სამშობლოს გმირებს – ხერხეულიძეებს, არაგველებს... თითქოსდა, ლადოს, ჭლექით ავადმყოფს, სევდიანი უნდა გამოსვლოდა სტრიქონები, მაგრამ ასე არ მოხდა, მის ლექსებში მელანქოლიას ადგილი არა აქვს. პირიქით, მის ლექსებს მთიულური საგმირო ფოლკლორის სილაღე და ოპრიმისტური ბუნება ახასიათებს”. რა იცოდა ა. საჯაიამ, თუ მეგობრის გარდაცვალების წლისთავზე თქმული სიტყვის შემდეგ, ორი თვეც არ გაივლიდა და სვანეთის მთებში ავბედითი "ქარი” წამოეწეოდა და მეგობრის გზას გაუყენებდა. ალიოშა ხომ 1944 წლის სეწტემბერში გარდაიცვალა. ალიოშა საჯაიას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ლადოსთან. დასტურად ერთ ლექსს მოვიტანთ, რომელიც მან ჯერ კიდევ 1940 წელს უძღვნა ლადოს: ...თუ ეტრფიალე საყვარელ მნათობს, თუ განშორების იგრძენ სიმძიმე, თუ გაიხსენებ დაკარგულ სატრფოს და ერთხელ მაინც არ დაიძინებ, - არ მომიშორებ ვიცი, აღარა, ვიქნები შენი ძმა და გუშაგი... უდროოდ დაღუპული ლადო ასათიანის ცხედარი გამოასვენეს მწერალთა კავშირის სასახლიდან და ვაკის პანთეონში დაკრძალეს. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1968 წლის 24 აპრილს, კი საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. დამთავრდა ლადო ასათიანის ცხოვრება. სიკვდილმა იგი უძრაობაში გადაიყვანა. მოწყვიტა ოჯახს, მეგობრებს, მაგრამ მის ლექსებს ვეღარაფერი დააკლო, - პირიქით, ლადოს ლირიკამ მეტი სიკაშკაშით გამოანათა, უფრო მახლობელი გახდა... დღეს, ალბათ, ძნელია მოიძებნოს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც პოეტის ლექსების თუნდაც პატარა კრებული არ ჰქონდეთ. დღეს ხალხი მღერის მის ლექსებს. თითქოსდა ყველაფერი ვთქვით, თუმცა დიდი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაცეობაზე, ალბათ, მეტიც უნდა ითქვას, მაგრამ ლადო ასათიანმა ხომ სულ რაღაც 26 წელი იცოცხლა, აქედან ნახევრზე მეტი ყმაწვილკაცობას დასჭირდა. ეს პერიოდი კი იმდენად უზრუნველია, რომ ორიოდ სტრიქონშიაც ადვილად ეტევა. რა დაგვრჩა? მთავარი. დიახ, მთავარი- პოეტის შინაგანი წვით ავსებული შემოქმედებაა, რომელზედაც მართლაც ღირს დაფიქრდება. კაცმა რომ თქვას, ლადო ასათიანის პოეზია ერთგვარი მოულოდნელობაც კი გახლდათ იმ დროისათვის, როდესაც მისი პირველი ლექსები გამოჩნდა პრესისის ფურცლებზე, 30-იანი წლების ქართულ საბჭოთა პოეზიაში ჯერ კიდევ პრევალირებდა რევოლუციის სულისკვეთება, ახალი ეპოქის მშენებლობის პითოსი და აი, ასეთ სიტუაციაში დამწყებმა პოეტმა შეჰბედა ჰიმნი ემღერა ადამიანის სულის მშვენიერებაზე, გაეხადა ლექსის სტრიქონი მოქნილი და ნაზი. მართალია, ლადო ასათიანმა ხანმოკლლე სიცოცხლის მანძილზე მოასწრო ასიოდე ლექსისა და ორიოდე პოემის დაწერა, მაგრამ ესეც საკმარისი არმოჩნდა იმისათვის, რომ ქართულ საბჭოთა პოეზიაში მი სი შარავანდედით მოსილი სახელი თაობიდან თაობას მოწიწებით გადასცემოდა, რადგან მან შეძლო საკუთარი პოეტური სამყაროს შექმნა და პოეზიაში "ასათიანური” ხმის დამკვიდრება. ალბათ, ერთი მიზეზთაგანიც ეს უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანებს ხმამაღლა ეთქვა: "ლადო ასათიანი არის ქართულ საკრავზე გადაჭიმული ის ლარი, რომელმაც დამკვრელის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ადრევე გაწყდა”, თუმცა ის ბგერებიც კი, რომლის აჟღერება დამკვრელმა მაინც მოასწრო, შთამომავლობის მახსოვრობიდან არ იკარგება და ბევრი თანამედროვე მისი მოგონებითაც კი ხარობს. დიახ, ლადო ასათიანის ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი სიცოცხლე მისივე ლექსების უკვდავებაში გაცხადდა. მისი ლექსები ღრმად ფილოსოფიურნი და პატრიოტული დენთით არიან დამუხტულნი. დღეს იშვიათად თუ შეხვდებით პოეტს (მხედველობაში გვაქვს ქართული საბჭოთა პოეზია), რომლის პოპულარობა ასათიანისას ჭარბობდეს (არაფერს ვამბობთ გალაკტიონზე). ლადო ასათიანი ჭეშმარიტად ხალხის პოეტია. აკი იქცა ქართველი პოეტების, მხატვრების, კომპოზიტორების შემოქმედების წყაროდ მისი ლექსები. კიდევ კარგი, რომ ჩვენმა დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა სიცოცხლეშივე გააუკვდავა პოეტის სახე. რა ვუყოთ, თუ ტილოზე ლადო ასათიანის სტილიზებული პორტრეტია წარმოდგენილი, სამაგიეროდ, დაკვირვებულ თვალს მხედველობიდან არ გამორჩება პოეტის სევდიანი გამოხედვა, - აკი ამის თვალებში სევდის ჩრდილი ჩამაგრდა , ჭლექის ჩრდილი... დიახ, ლადო ასათიანის პოეზია მხოლოდ ასათიანურია. იგი მეტწილად გამოირჩევა მაჟორული ხმოვანებით,ეროვნულ-პატრიოტული გრძნობითა და განცდათა მრავალფეროვნებით. თითქმის ყველა მის ლექსს ახასიათებს მუსიკალობა, "აზრის აფორისტული სიზუსტე, არტისტიზმი”. ალბათ, ერთი მიზეზიც ეს გახლავთ იმისა, რომ ლადოს შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. დიახ, მისი ძალა მართლაც ხომ ხელშესახებია. ლადო ასათიანს უცნაური ჩვევა ჰქონდა,- უყვარდა თემის გამორჩევა, მიკერძოება. ამიტომაც მოაქცია საყვარელი თემატიკის რკალში საქართველო თავისი დიდებული წარსულითა და აწყმოთი, მშობლიური (მეტწილად კი ლეჩხუმური) ბუნება, დიდი წინაპრები. პოეტს უბის წიგნაკში ჩაუწერია: "ვინც იხილავს ლეჩხუმის მშვენებას: სარეწკელას და ორპირის კლდეკარებს, ლაჯანურის ხეობას, მურის, ორბელის, გვესოს ციხეებს- ის პოეზიის ერთგული დარაჯი იქნება მუდამ”. და კიდევ: "...რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსები ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილისა და საღამოს ჟამს კითხულობდნენ ბებრები ლოცვას. ლადო ასათიანი გულგრილი არასოდეს ყოფილა ქართული ლიტერატურისადმი. იგი ტკივილამდე განიცდიდა ნაწარმოებთა გმირების თავგადასავალს. ისევ უბის წიგნაკი მოვიშველიოთ: "იავნანამ რა ქმნა?” პირველი მოთხრობა იყო, რომ ვიტირე. მერე- "მაგდანას ლურჯა” და "ქაჯანა”, შემდეგ "ვეფხისტყაოსნის” გმირთა თავგადასავალი მატირებდა”. ლადო ასათიანის შემოქმედება პატრიოტიზმის დიდი გრძნობითაა დამუხტული. მისი ოპტიმისტური ლექსების ნაწილი ერთდროულად სიცოცხლის ჰიმნსაც წარმოადგენს და პატრიოტიზმის ნიმუშსაც. ავიღოთ ლექსი "საქართველოში”. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არმოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლის მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. . . . . ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ, შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს... და, აი სიცოცხლის ჰიმნის აპოთეოზიც, ლექსის ბოლო სტრიქონში რომაა გაცხადებული: რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! უკეთესად ძნელად თუ იტყვის ვინმე... პატრიტული სულითაა გაჟღენთილი პოეტის გახმაურებული ლექსები: "ჩემი სამშობლო”, "სვანეთში წადით, მგოსნებო!”, "სიმღერა თბილისზე”, "სალაღობო”, ”საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი”. ლექსში "საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი’” დიდი პატრიოტული შემართებითაა დამუხტული მამულისათვის თავდადაებულ შვილთა პორტრეტები. ამ ლექსში ისმის თამარ ვაშლოვანელის, თინა წავკისელის... სუნთქვა. ერთი სიტყვით, ეს ლექსი ქართველი ქალის, დედის საგალობელი. როდესაც თბილისში სამასი არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად ობელისკი აღმართეს, მასზედ სწორედ ლადო ასათიანის ხსენებული ლექსის სტრიქონები ამოკვეთეს: მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...
პატრიოტიზმის ნათელ სხივად შემოიჭრა ქართულ პოეზიაში ლადო ასათიანის "სალაღობო”, რომლის მაგიური სტრიქონები დავით ერისთავის "სამშობლოს” შეიძლება შევადაროთ. ძნელია ამ ლექსის აუღელვებლად წაკითხვა და მოსმენაც, რამეთუ მასში ქართული სისხლის ყივილი ძალუმად ისმის: დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში გაისარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას , საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისიხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!.. "სალაღობო”, რომელიც მოწოდებასავით გაისმის, ლადო ასათიანის "პოეტური კრედოა”. მის სტრიქონებში ცეცხლი გიზგიზებს, ცეცხლი, რომელიც მკითხველს კიდეც ათბობს და კიდევაც აღაგზნებს. როგორც ლამაზი მელოდია აგვიტაცებს, აგვაცეკვებს, აგვამღერებს. "სალაღობოს” სტრიქონებიც წაკითხვისთანავე განგვაწყობს, ხელში ავიღოთ ხმალი და მამულის საკურთხეველზე თავი დავდოთ, სამშობლოს მალამოდ დავედოთ. დიახ, "სალაღობო” დიდი პათოსითაა გამთბარი. ლადო ასათიანის ლექსებში ხშირად ვხვდებით ყაყაჩოს: შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყჩოების ცეცხლია?.. კიდევ: ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა... და ბოლოს: ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!.. რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა... ყაყაჩოს სტრიქონებში ხშირად მონაცვლეობამ დააინტერესა ლიტერატურათმცოდნეები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს ერთ რამეზე შეთანმხდნენ, რომ "ყაყაჩოს სამმაგი სიმბოლური დატვირთვა აქვს დაკისრებული: იგი სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სისხლია, სიკეთისა ადა ბედნიერების მაუწყებელი ნიშანია, ლამაზი ქალის სიმბოლური სახეცვლილებაა”. და მაინც, ლადო ასათიანის ყაყჩოები წინაპართა დაღვრილი სისხლის ჰიმნია, მათი მარადიული ძეგლებია მიწიდან ამოწვერილი, რათა შთამომავლობის ხსოვნის სალაროს ჟანგი არ მოეკიდოს. ლადო ასათიანის ყაყჩოები იმდენად სპეტაკნი გახლავთ, რომ მათი ხილვისას მოკრძალება გეუფლებათ და ქედსაც კი იხრით მამულიშვილთა თავდადების წინაშე. ალბათ, ამიტომ განაცხადა ხმამაღლა ანა კალანდაძემ პოეტისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში: ...მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა, ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს... არა, ლადო, აღარ მოწყვეტ ყაყაჩოებს... ლადო ასათიანის შემოქმედება ძირითადად საქართველოს ჰაერით სუნთქვაა. ალბათ, ამიტომაცაა მისი პოეტური სამყარო "საქართველოს ბუნებისა და ისტორიის ჩარჩოში მოქცეული”. ისტორიულ თემას მიუძღვნა პოეტმა ლექსები: "კრწანისის ყაყაჩოები”, ‘ასპინძა”, "ცხრა ძმა ხერხეულიძე”, პოემა "ბასიანის ბრძოლა” და სხვა. ლადო ასათიანის ისტორიულ თემაზე დაწერილი ლექსებიდან ერთს მოვიტანთ, "ცხრა ძმა ხერხეულიძეს”. ეს ლექსი გამოირჩევა კომპოზიციურობით, მრავალხმოვანებით, ფერწერულობით, ფრთოვანი სიტყვების სიუხვით და, რაც მთავარია, ეროვნული მოტივით. ლექსი იმდენად ლამაზადაა დახატული, რომ გამოჩენილ მხატვართა აღიარებული ფერტილოების გვერდით თუ დავაყენებთ: ეს გაფრენილი ფაფარი თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! . . . . მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს, ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე! . . . . ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების? . . . . ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?- დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით... მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?! ლადო ასათიანი ფიროსმანივით თვითმყოფადი შემოქმედია. ალბათ, ამან განაპირობა ის სულიერი სიახლოვე, რომელიც პოეტს ასე აკავშირებდა მხატვართან. სამი ფრიად გახმაურებული ლექსი უძღვნა ნიკო ფიროსმანს. ლექსებში ისე ლამაზად, ბავშვური განცდით დახატა სასიქადულო მხატვრის პორტრეტი, როგორც თვით ფიროსმანი ძერწავდა ძველი თბილისის სურათებს. პოეტი ერთ ლექსში ამბობს: ქართული ზეცა, ქართული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა... ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! ვითომ ასეა?! ნუთუ არ იცოდა ლადომ, რატომ უყვარდა ფიროსმანი? პირიქით - ლადო ასათიანმა კარგად უწყოდა, ვინ იყო მისი თავგადადებული სიყვარულის ადრესატი,- იგი ხომ სწორედ იმ ქუჩებში დადიოდა და იმ ცას ეტრფოდა, რომელსაც ესოდენ დიდი ხარკი გადაუხადა ფიროსმანმა. ამიტომაც იყო, რომ პოეტს არ ასვენებდა ფიქრი დიდ შემოქმედზე და დღენიადაგ მის ნაკვალევს დასდევდა: ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი, ამიწიოკა,დამირბია მან შთაგონება! თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.
აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც საიზმარი (საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება), ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.. გადაჭარბებული არ იქნება, თუ აღვნიშვნავთ, რომ ლადო ასათიანმა ფრიად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფიროსმანის სახელის "აღდგენაში”. მისმა ლექსებმა - "არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა", "ფიროსმანის მეგობრებთან” და "ფიროსმანის დუქანმა” ერთგვარი კატალიზატორის როლი ითამაშეს მხატვრის ცაზე მზის გამოშუქებაში, რადგან იყო პერიოდი, როდესაც ხელოვნებათმცოდნეების ერთი ჯგუფი ნიკო ფიროსმანიშვილის ტილოებში ვერ ჭვრეტდა შედევრებს... როგორც აღვნიშნეთ, ლადო ასათიანის შემოქმედების თავი და თავი საქართველოა, მაგრამ " ეს თემა როდია მოწყვეტილი და ამოვარდნილი სხვა თემათა რკალიდან. მის ლექსებში მეტ-ნაკლები გამოხატულება ჰპოვა ყველაფერმა იმან, რაც კარგი და საუკეთესო ახასიათებს ჩვენი ქვეყნის დიად წარსულს და დღევანდელ წინსვლას, მისი ხალხის შეუპოვარ გმირულ ბრძოლასა და თავდადებულ შრომას ხვალინდელი დღისათვის. საქართველოს გმირული წარსული დაკავშირებულია თანამედროვე ცხოვრებასთან. ბასიანისა და ასპინძის გმირები, სამასი არაგველი, ძველი ოქროს მაძიებლები და მამაცი ქართველი გლეხი ქალები თავიანთი გმირული სულით ეხმარებიან თანამედროვეობას. პოეტი ადიდებს მათ სიმამაცესა და მამულის სიყვარულს, მაგრამ როდი კარგავს სიახლის გრძნობასაც. როცა ომახიანი შეძახილით აღვიძებს კრწანისის ველზე დაცემულ გმირებს და მუხლს იდრეკს მათ საფლავებთან, დღევანდელი დღის მძაფრი სიყვარულით ანთებული. მგზნებარედ მოუწოდებს ახოვან ვაჟკაცებსა და უშიშარ ჯეელებს შრომისა და შემოქმედებისაკენ, აქებს და ხოტბას ასხამს ახალ საქართველოს, მის მშრომელ ადამიანებს, ახალგაზრდა, მოზარდ თაობას ”.


   1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას" გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები". წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კატეგორია: ლადო | ნანახია: 13377 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
4 the game  
0
ffffffffffffffffffffffffffffffffffffffffuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu ra tom ar aris ! :(

3 the game  
0
რაც მე მინდა არ არის ფუუუუუუუუ

2 ლიკუნა აბელაშვილი  
0
rac mindoda ar aris da dadet ra.....................

1 მარიამ მახატადზე  
0
რაც მე მინდოდა არ არის ..................,

სახელი *:
Email *:
კოდი *: