ბიოგრაფია - 2 აპრილში 2011 - ლეჩხუმი - ყველაფერი ლეჩხუმის შესახებ შემეცნებითი საიტი
შაბათი
10.12.2016
09:55
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [15]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
500
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » ბიოგრაფია
18:53
ბიოგრაფია
ლეჩხუმში, ბარდნალაში იყო ერთი სახლობა, რომელსაც გუჯუ ასათიანის სახლობა ერქვა... მას მოჰყვა მელქისედექ ასათიანი. ჰყავდა ერთგული და ჭკვიანი მეუღლე, ისეთი, როგორსაც ყველა დარბაისელი ქართველი ოჯახი მოიხდენს და ინატრებს.
უფროსი შვილი, ლადო 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა. 1930 წელს ბარდნალაში ჩვენი ოჯახი გააკულაკეს, ბაბუაჩვენს, გუჯუ ასათიანს სოფლის მოშორებით მიწები, საყანე ადგილები, კაკლის ხეები, ტყეები ჰქონდა. ის ცაგერში დაიბარეს. მაზრის უფროსმა უთხრა: ჩამოდერთვათ თქვენი მამული და გადაეცა სოფლის გლეხობასო. ადგა ბაბუაჩემი, მოუხადა ქუდი, დაემშვიდობა. კართან მისული მიუბრუნდა და უთხრა: "საწაბლიას და სადათვიას ტყეები ვის განკარგულებაში რჩება?” "ტყეც ჩამოგერთვათ!”, - მიუგო მაზრის უფროსმა. "გმადლობთ, ბატონო”, - უთხრა ბაბუამ, წამოვიდა და იმავე ღამეს გარდაიცვალა.
ბებია გააკულაკეს. საკუთარ სახლში ერთი ოთახი დაუტოვეს, დანარჩენ ოთახებში კოლმეურნეობის კანტორა და კოოპერატიული მაღაზია გახსნეს. მე კოლმეურნეობის ოქმიც კი მაქვს შენახული, სადაც ჩაწერილია: "თავადი პელაგია ჩიქოვანი-ასათიანისა, გაკულაკებული და გასახლებული იქნეს სოფლიდან. მისი საცხოვრებელი და ქონება გადაეცეს ღარიბ გლეხობას”.
ყველაფერი კარგად აეწყო, მამა და დედა ჯერ ქუთაისში მუშაობდნენ მასწავლებლად. ლადოს შემდეგ შეეძინათ ვაჟი – გოგიტა და ქალი – მედეა.
ლადომ ქუთაისის საცდელი სკოლის შვიდი კლასი დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. გავიდა ხანი.
ლეჩხუმში სახლი მამის სახელზე იყო და მან დედას სთხოვა: წავიდეთ ლეჩხუმში, სახლს ისე ხომ არ მივატოვებთო. ამასობაში ბებიაც გარდაიცვალა და მთელი ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად მამაპაპისეულ სახლში გადავიდა. მშობლებმა ადგილობრივ სკოლაში გააგრძელეს მუშაობა. 1931 წელს ლადომ ცაგერის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში გადმოიტანა საბუთები, უმცროსები ბარდნალის შვიდწლიან სკოლაში ვსწავლობდით
დუღდა სიცოცხლე ოჯახში...
მერე ჩემი მშობლები თბილისში ჩამოვიდნენ, სახლის ჩამორთმევა გაასაჩივრეს, რის შედეგადაც კოლმეურნეობის კანტორაც და მაღაზიაც გაიტანეს ჩვენი სახლიდან. შუათანა ძმასა და ლადოს შორის 5 წელი იყო სხვაობა. მაშინ ჩვენს სახლში მაღაზია იყო, ეზოს ყურადღება მოაკლდა, საქონელი ეზოში ჩამოდიოდა და სულ გადახრეს ვაზი. მამამ ლადო და გოგიტა მხარში ამოიყენა და ვაზი გადახერხეს, რომ ახალი ყლორტები ამოეყარა. მართლაც ასე მოხდა, ცოტა ხანში იჯახი ისევ დაემსგავსა ოჯახს. მამა ნაკლებად ერეოდა ჩვენს აღზრდაში, ოჯახს დედა პატრონობდა. იყო სახლი სავსე და მხიარული. დედის ერთი სიტყვა საკმარისი იყო, რომ ყველაფერი თავის რიგზე ყოფილიყო. როცა სახლში ვინმე უცხო იყო, თუ ისეთ რამეს გავაკეთებდით, დედას არ მოეწონებოდა, ყოველგვარი დატუქსვის გარეშე გამოგვყვებოდა მისი საყვედურით სავსე თვალები, რომელიც ისევ მალე გვირიგდებოდა. მის გარეშე არაფერი კეთდებოდა.
შეუფარავად ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ მამა პოეზიის დიდი მოყვარული გახლდათ, ლადოს დაწერილი ლექსების პირველი მკითხველი დედა იყო. როცა ლადო პუშკინს, ლერმონტოვს თარგმნიდა, დედა გვერდით უჯდა და ეხმარებოდა.

ლადო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოეწყო. არდადეგებზე ყოველთვის სოფელში ჩამოდიოდა. ჩვენც მოუთმენლად მოველოდით. მისი სტუდენტობის დროს ცაგერში ჩამოსვლა საკმაოდ ძნელი იყო. თითო-ოროლა მანქანა დადიოდა. ამიტომ, ხშირად აკიდებდნენნ ცხენს სანოვაგეს და მეზობლის ბიჭებთან – ალიოშა ცხვედიანთან და ნესტორ გელენიძესთან ერთად (ისინიც ქუთაისში სწავლობდნენ), გადადიოდნენ მდინარე ცხენისწყალზე და მიდიოდნენ ღვირიშღელეზე, საიდანაც მანქანებით მიდიოდნენ ქუთაისში.

განსაკუთრებული მოუსვენრობა იგრძნობოდა ჩვენს სახლში ზამთრის არდადეგების მოლოდინში. "ყური გარეთ გეჭიროთო”, გვეტყოდა დედა. ლადო და ალიოშა ისევ იმ გზით ბრუნდებოდნენ შინ. ხშირად გვიან ღამით, როცა თოვლგადაფარებული დედამიწისა და ვარსკვლავებიანი ცის მეტს ვერაფერს დაინახავდი, ზოგჯერ კი კუნაპეტ ღამეში ატყდებოდა ძახილი – მექი ასათიანო, გიორგი ცხვედიანო (ალიოშას მამა)... ჩვენები წავიდოდნენ ცხენებით და გადმოიყვანდნენ გათოშილ მდინარეზე.

სწორედ ეს ზამთრის ღამეები შემორჩა ხსოვნას ყველაზე ლამაზად. საღამოს მოიყრიდნენ თავს მამის ბიძაშვილი – ნინო მამიდა და მისი მეუღლე ლევან ჩიქოვანი. ორივე ძალიან სასიამოვნო მოუბარი იყო და იშვიათად, თუ ქუთაისიდან ამოსული მამის ძმა – შალიკო ბიძიაც მიემატებოდა, ჩვენს სახლში ყოფნას არაფერი სჯობდა. ბუხართან ახლოს მოაჩოჩებდნენ მაგიდას და შემოუსხდებოდნენნ. მაგიდაზე იყო ყველი, მჭადი, მწნილი, ლობიო, ხელადით ღვინო; საკალანდო ღორის თავი ან კარგი საცივიც თუ იყო, მეტი არავის არაფერი უნდოდა. ხშირად ეს ორი უკანასკნელი არ იყო, მაგრამ ამას არავინ ამჩნევდა და არც არავის აწუხებდა.

ყვებოდნენ ძველსა და ახალს. მამას უყვარდა ათასჯერ წაკითხულის კიდევ წაკითხვა. ხან ვის ამოიჩემებდა და ხან ვის. გადმოიღებდა გრიგოლ ორბელიანს და ისე კითხულობდა, გეგონებოდათ ეს-ესაა ნახა პირველადო. მიუხედავად იმისა, თითქმის ზეპირად იცოდა ჩვენი კლასიკოსები, მაინც წიგნს მოითხოვდა და კითხულობდა; ასე სხვა მადლი აქვსო – იტყოდა.

გრიგოლ ორბელიანი მამას კუმირი იყო. ლადოს თავისი კუმირები ჰყავდა. ბარათაშვილს გატაცებით კითხულობდა. ვაჟა-ფშაველა ლადოსთვის ამოსავალი წერტილი იყო.

ჩვენ ვისხედით და ვუსმენდით. ლადო გატაცებით უსმენდა უფროსების საუბარს. როცა მამიდა ყვებოდა, სამეგრელოდან გუჯუ ბაბუასთან სტუმრად ჩამოსულმა დადიანმა როგორ შემოაჭენა ცხენი აივანზე და ოთახიდან ხმაურზე გამოსულმა გუჯუმ ვერ შეიცნო და ხელი ხანჯალზე გაისვაო, ამ დროს მამის ნათლიას ფაღავას შეუშველებია: კაცის ცოდვა არ დაიდო, ნათლია მირონი მოგივიდაო, ლადოს ცხელ სახეზე უშველებელი თაფლისფერი თვალები ელვარებდა. სულ თხოვდა მამიდას, გვიამბე რამეო.

გარეთ კი იანვრის ყინვისგან გასარკულ ჰაერში დროდადრო ბუნაგიდან გამომძვრალი გაზარმაცებული ძაღლი შეუყეფდა ვინმეს ან რაღაცას და წკმუტუნით უკანვე ბრუნდებოდა. თუ აღარ გაჩერდებოდა, მამა ეტყოდა: გოგიტა, შვილო გაიხედე, მგონი ვიღაცა მოვიდაო, მაგრამ სახლში შემოსულმა გოგიტამ – არავინ არააო, მაგრამ სახლის ზემოთა კედელზე კაცის ლანდმა გაიარაო, რცხილებშიც ფეხის ხმა იყოო. გამოაჯავრებდნენ გოგიტას: არ მოგვჭრა თავი, ბიჭო მშიშარა არ გამოხვიდეო. ისევ გრძელდებოდა სუფრობა. ხანდახან შეუძახებდნენ, აბა, შალიკო გუჯუევიჩ, წამოგვიწრე რამეო. შალიკო ბიძია ძალიან ტკბილად მღეროდა. ისიც სიტყვას არ დააგდებდა და წამოიწყებდა "რა ვუთხარ ისეთ ქართველსა, ვის ჭირი გადახდენია და სააკაძე გიორგი ერთხელ არ დასიზმრებია”; აყვებოდნენ დანარჩენებიც, მამამ ღუღუნა ბანი იცოდა. დედა დაუღალავად დაგვტრიალებდა თავზე. მე შედარებით პატარა ვიყავი და იქვე გვერდით ბუხართან ტახტი იდგა და დამაწვენდნენ. ბიძაჩემი, ცოტა რომ შეზარხოშდებოდა, შემდეგ თვითონ იწყებდა თავის საყვარელ სიმღერას - "ყველა ფრინველი ხეზე ზის, მწერი მიწაზე გოგდება, ნუ გინდა ქალი ყცხო მხრის, დასნეულდება, მოკვდება”. ლადოს ძალიან უყვარდა ეს სიმღერა, ეტყოდა ბიძიას, კიდევ იმღერეო. ასე გრძელდებოდა და თეთრდებოდა ღამე მამლის ყივილში. ლევან ბიძია ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, თუ შეთვრებოდა, შემდეგ ამოიღებდა ხმას. წამოიწყებდა "მრავალჟამიერს და მიაყოლებდა - "დაითვალე თითებიო, ვის უყვარხარ მიხვდებიო”. აი, მაშინ იტყოდა მამა, აწი აღარაფერი გვიჭირს, ლევანი ფერხულში ჩაებაო. მეტისმეტად კარგი გარეგნობის იყო, ლადო ხშირად ამბობდა, რა იქნებოდა მხატვარი ვყოფილიყავი, ლევან ბიძიას დავხატავდიო, აფსუსი არ არის, ასეთი კაცი უკვალოდ გაქრესო.

ლადო ბევრს წერდა, კითხულობდა. ბიბლიიდან ძალიან ბევრი ადგილი ზეპირად იცოდა. ეზოში დიდი იფნის ხეები გვქონდა, რომელზეც კალათბურთის "ფარები” ჰქონდა მოწყობილი და ბიჭებთან ერთად კალათბურთს თამაშობდა. ქვემოთ მდინარე იყო, საცურაოდ დადიოდნენ, ბადით თევზაობდნენ. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გაზეთ "სტალინელის” რედაქციაში მუშაობდა, სადაც 1936 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "ჩვენ კვლავ მოვედით”.


ქუთაისში ლადოს თანაკურსელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: შოთა ქურიძე, ნელი დუმბაძე, მარო ტრაპაიძე, ლევან კიკნაძე, ნიკა აგიაშვილი, მიხეილ ალავიძე, გიორგი შალამბერიძე, აქვსენტი მიშველაძე, გიორგი ნაფეტვარიძე, სევერიან ისიანი... ამ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ლადოს ხელს უწყობდა გიორგი ჯიბლაძე.

ლადო დედას უყურადღებოდ არასოდეს დატოვებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველთვის გააგებინებდა; მისი წერილები ყოველთვის გულახდილი და მართალი იყო. როცა სათაფლია, გელათი ფეხდაფეხ მოიარა, დედას გამოუგზავნა წერილი ლექსად, რომელიც შემდეგ "ინდუსტრიულ ქუთაისში” დაიბეჭდა - "წერილი დედას”. ლექსი ასე იწყებოდა:




"...უნდა იარო, გულის ზიარო,

მთელი ქვეყანა რომ მოიარო

და შინ დაბრუნდე განცდილით მთვრალი”.




გავიდა სტუდენტობის სამი წელი.

დადგა ოცდაჩვიდმეტი...

დედა დააპატიმრეს.




იმ დღეს მე სკოლაში ვიყავი.

მითხრეს თქვენს სახლში მილიციელები მივიდნენო. გამიკვირდა, სახლში რომ მივედი, დედა ტიროდა, მამა ამშვიდებდა, ძალიან შეწუხებული იყო. ნივთები და წიგნები ძირს ეყარა.

დააბრალეს, თითქოს დედა ანტისაბჭოურ პროპაგანდას ეწეოდა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენ გვზრდიდნენ ქართული ტრადიციებით და გვასწავლიდნენ ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულს. ალბათ ეს ჩაუთვალეს ანტისაბჭოურ პროპაგანდად. ცაგერის რაიკომის მდივანი, სიმონ ჭელიძე დედას ნამოწაფარი იყო. მასთან ჩვენ ოჯახს კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უბრალოდ დედას არ მიაყენეს შეურაცხყოფა და იმ დროს რაც შეძლო რაიკომის მდივანმა იყო ის, რომ მილიციის უფროსი გააფრთხილა: სახლიდან არ წამოიყვანოთ, დაიბარეთ და მერე აიყვანეთო. დედამ იფიქრა, ეტყობა, ლადოს რაღაცა უჭირსო. ის ვერ წარმოედგინა, რაც სინამდვილეში უნდა მომხდარიყო.


ლადო ამ დროს ქუთაისში, ინსტიტუტში იყო. ჩვენი მშობლები დათქმულ დღეს ცაგერში წავიდნენ. ხუთი დღის მერე მამა დაბრუნდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დედა ცაგერში ჰყავდათ დაპატიმრებული.
მერე სიმონ ჭელიძის თხოვნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ სამეული ასამართლებდა დაპატიმრებულებს. დედა უნდა გადაეყვანათ ქუთაისის ციხეში და სანამ ეს მოხდებოდა, ორი დღით სახლში გამოუშვეს. მას მერე აღარ გვინახავს. ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს და გაასამართლეს. მამას ძმამ, ბიძია შალვამ გაიგო, დედას გადასახლების წინ როდის გამოიყვანდნენ ციხიდან. მან ლადო მიიყვანა ციხესთან და დედას მანქანაში რომ სვამდნენ, დაინახა. ლადო ცუდად გამხდარა და ბიძაჩემს უთქვამს, ვაჟკაცი არა ხარ?! არ შემარცხვინოო. ამით ყველაფერი დამთავრდა.

წერილები მოგვდიოდა უზბეკეთიდან. მერე ომი დაიწყო, წერილები შეწყდა და გაირკვა, რომ დედა გარდაიცვალა.

ლადო თავიდანვე მახსოვს დინჯი მოძრაობებით. უცებ იცოდა ანთება, მაგრამ გულში წყენას არ ინახავდა. უაღრესად თბილი და მოსიყვარულე გახლდათ. მამაც ასეთი იყო. წყენას გულში არ ჩაიდებდა და ბავშვობიდან შეგვაგონებდა, შვილებო, ვინც არა უნდა გაწყენინოთ, იცოდეთ სიგლახით არავის არაფერი გადაუხადოთო...

1938 წლის ბოლოს ლადო თბილისში გადმოვიდა. შეწყდა ბუხრის პირას საოჯახო-სამეგობრო საღამოები, ამაო მოლოდინი, ამაოდ შორს გაშტერებული თვალები, ზოგჯერ უცხოში საკუთარი ახლობლის შეცნობით. დაპატარავდა სახლი, ხუთი ოთახის ნაცვლად სამი გახდა, მოიშალა ბუხარი, თუმცა ლადოს აღარ უნახავს, არ შემიძლია – ამბობდა. "მე როცა დედაჩემი დავივიწყე, სხვას რაღა ვუთხრაო”- იწერებოდა. კედელზე მოარული ლანდებიც გაქრა, აღარს მათ

ესაქმებოდათ კედელზე. აღარც მექის წამოწყებული ერისა და ენის სადღეგრძელო ისმოდა, რომელიც ყოველთვის ასე იწყებოდა "რა ენა გაქრეს, ერიც დაეცესო”...
გულნატკენი შვილი ბოლო წლებში ლეჩხუმში არ დაბრუნებულა, შორიდან ლექსით ეხმიანებოდა.

გოგიტამ საშუალო დაამთავრა, მე ბარდნალაში ვსწავლობდი. ყველაფერი შეიცვალა, ჩვენმა სახლმაც მოიწყინა, გაუფერულდა.

მაშინ ახალგაზრდობა უფრო ფართო გასაქანს თბილისში პოულობდა. პირველად ლადო ნაძალადევის რაიონში, ლელაშვილის ქუჩაზე, მამიდა ნინოსთან ცხოვრობდა. მერე იქიდან გადავიდა და ხან სად ცხოვრობდა, ხან სად. ერთი პერიოდი ბინა იქირავა. რაღაცას დაბეჭდავდა ხოლმე ჟურნალ "ჩვენს თაობაში” და ჰონორარებს იღებდა. მერე "ნორჩი ლენინელის” რედაქციაში დაიწყო მუშაობა.ანიკო ვაჩნაძეს და ლადოს შორის პირველი შეხვედრისთანავე გაიბა ურთიერთობა. ისინი ერთმანეთით მოიხიბლნენ და მალე იქორწინეს კიდეც.
1939 წელს ლადო ჯარში გაიწვიეს, საიდანაც ძალიან მალე დაბრუნდა. მალე მანანაც შეეძინათ.

გაჩნდა ლადოს ახალი წერილები, მოემატა ანიკოს წერილები, შემდეგ მანანას სურათი მოვიდა ლადოს წარწერით "სახსოვრად პაპა მექის და მამიდა მედეას”.



ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ლადო დაავადდა იმ სენით, რომლის განკურნება მაშინ არ ხელეწიფებოდათ. ამ სენის სახელის ხსენება თვითონ ლადოსაც არ უყვარდა. ლადო აბასთუმანში ორჯერ იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა...



1942 წელს ლადომ გამომცემლობა "ფედერაციიდან” მიიღო მისი ორთაბახიანი კრებულის "წინაპრების” სასიგნალო ეგზემპლარის ნაწილი, რომელიც მაშინვე დაურიგა პირველ შემხვედრ ახლობელ-მეგობრებს, ფიქრობდა, დანარჩენს ტირაჟიდან ავიღებო, შემდეგ ლადომ და ვერც სხვამ ეს წიგნი ვეღარ იშოვა...

რა დროს წინაპრებზე წერაა, ქვეყანაში ომიაო, - უთხრეს.

ეს ამბავი ძალიან მძიმედ განიცადა.

ყველაფერი ერთმანეთს დაერთო და ლადო 1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა თბილისში. მამა ლადოს სანახავად წამოვიდა. ჩამოვიდა და ლადო უკვე გარდაცვლილი დახვდა. დილით გარდაცვლილიყო, მამამ ვერ ჩამოუსწრო... დავკრძალეთ ვაკის სასაფლაოზე.

1968 წერლ ლადოს ნეშტი ვაკის სასაფლაოდან დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. სასტიკად გაგვაფრთხილეს, გადასვენების შესახებ არავისთან არაფერი თქვათო.

გადასვენება, მთავრობის დადგენილების თანახმად, ჩუმად მოხდა. ჩვენ მათ განკარგულებს დავემორჩილეთ და ეს ამბავი არავისთვის გაგვიმხელია.

გადასვენებისას სულ შვიდი-რვა ადამიანი ვიყავით...


კატეგორია: ლადო | ნანახია: 1508 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: